ჩისკოს დიდებული დაბრუნება - ორი „დინამოს“ დაპირისპირებაში თბილისელებმა ლიდერობა დაიბრუნეს
ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მიმდინარე გათამაშების ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ მოქმედ ჩემპიონსა და ამჟამინდელი ჩემპიონატის მეორეადგილოსანს, „დინამო თბილისს“ სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს მატჩში უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი განიცადა.
ამ შეხვედრით ბათუმის ახალი სტადიონი უნდა გახსნილიყო, მაგრამ აჭარაში ეპიდემოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქუთაისში გადაიტანეს და მატჩს „რამაზ შენგელია არენამ“ უმასპინძლა.
ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონის ვოლგოგრადის „როტორში“ გადასვლა ბათუმელებს ცუდად რომ დაეტყოთ, ამ შეხვედრაში გამოჩნდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ დაახლოებით 25-ე წუთიდან უპირატესობა თბილისელებმა მოიპოვეს და ნომინალურ მასპინძელთა კართან რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს. 33-ე წუთზე ბათუმელები ბაქარ ქარდავას დარტმის შემდეგ ძელმა იხსნა.
თუმცა, თბილისელებმა ტაიმის მიწურულს მიზანს მაინც მიაღწიეს და 6-წუთიან მონაკვეთში ორი იდენტური და ერთმანეთზე ეფექტური გოლი გაიტანეს. 39-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებულმა თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ უძლიერესი დარტყმით ბათუმელთა კარის „ცხრიანი“ შეარხია – 0:1. 45-ე წუთზე იგივე პოზიციიდან კარის აღება უკვე თბილისელთა ნახევარმცველმა ბაქარ ქარდავამ მოახერხა და სტუმრებმა ლიდერების დაპირისპირებაში შესვენებამდე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს 0:2.
ბათუმელებმა მეორე ნახევარში მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, მაგრამ ამის ნაცვლად, საკუთრ კარში მესამე გოლი გაუშვეს – 52-ე წუთზე გათამაშებული სწრაფი შეტევა გიორგი კუციამ კიდევ ერთი ეფექტური გოლით დაასრულა.
ბათუმელებს ინტრიგის დაბრუნება 64-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ჯაბა ჯიღაურის დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია. 89-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი პენალტი მოიპოვეს – როინ კვასხვაძე ბურთს ამჯერადაც შესწვდა, მაგრამ ვაკო თევდორაძემ სხვაობა მაინც შეამცირა 1:3.
საბოლოოდ, შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა 1:3 და 11 ტურის შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამო თბილისმა“ 22 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოს“ (20 ქულა) გადაასწრო და მეორე ადგილზე ჩამოაქვეითა.
შემდეგ შეხვედრას თბილისის „დინამო“ ევროპის ლიგაზე უელსურ „კონაჰთან“ გამართავს – ჩისკო მუნიონის მშვენიერმა დაბრუნებამ იმედი გააჩინა, რომ გუნდი ამ ევროპულ მატჩს ისევე არ ჩააგდებს, როგორც ალბანურ „ტირანასთან“.
დინამო (ბთ)- დინამო (თბ) 1:3
12 სექტემბერი. 2020. ქუთაისი. „რამაზ შენგელია არენა“
გოლები: 0:1 გაბედავა (39. ორშულას პასით), 0:2 ქარდავა (45. გაბედავას პასით), 0:3 ზარია (52. ორშულას პასით), 1:3 ვ. თევდორაძე (89. პ).
გამოუყენებელი პენალტი: ჯაბა ჯიღაური (64. მეკარე)
მთავარი არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი
გაფრთხილებები: ნ. ქავთარაძე (72), გონსალვეში (78), კუცია (87)
„დინამო“ (ბთ): ალავიძე – მამუჩაშვილი, მ. კობახიძე, ობოაბონა, ჩალაძე – ტეიდი (72. შერგელაშვილი), მანჯგალაძე – გონსალვეში (81. ვ. თევდორაძე), რეინალდო, ჯიღაური – ნიქაბაძე (53. თორნიკე გაფრინდაშვილი)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
„დინამო“ (თბ): კვასხვაძე – იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე – პაპავა, ქარდავა (82. კაცია) – ორშულა, ზარია (59. კუხიანიძე), ნ. ქავთარაძე – გაბედავა (68. კაპანაძე)
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი