ჩისკო მუნიოსი - იმედია, ხვალ ჩემპიონობას „დინამო“ იზეიმებს
ჩისკო მუნიოსი - იმედია, ხვალ ჩემპიონობას „დინამო“ იზეიმებს

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული ხვალ, 10 დეკემბერს გაირკვევა – ბოლო, მე-18 ტურში ჩემპიონობის შანსი ორ „დინამოს“ აქვს.

17 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 37 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ბათუმის „დინამოს“ 35 ქულა აქვს და ჩემპიონის ბედი ბოლო ტურში გადაწყდება.

ბოლო ტურში თბილისელები თანაქალაქელ „მერანს“ უმასპინძლებენ, ხოლო ბათუმელები ანგისას ბაზაზე საჩხერეს „ჩიხურას“ მიიღებენ. თბილისელებს ტიტულის დასაცავად უკვე ქულაც ჰყოფნით.

თბილისის „დინამომ“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. გუნდის მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები იმედოვნებენ, რომ „მერანთან“ მოიგებენ და საქართველოს ჩემპიონობას მე-18 აღნიშნავენ.

„ძალიან რთული სეზონი გამოვიდა. მთელი ტურნირი დაძაბულად წარიმართა, ხოლო წელი პანდემიიდან გამომდინარე ძალიან ცუდი იყო. ჩემპიონატში კარგი მოწინააღმდეგეები გვყავდა ბათუმის „დინამოს“ და „საბურთალოს“ სახით, მაგრამ შანსი, ჩემპიონობა მოვიპოვოთ, ჩვენ გვაქვს. ხვალ „დინამოს“ მეტოქეს თბილისის „მერანი“ იქნება და იმედი მაქვს, ჩემპიონობას ვიზეიმებთ“, – ამბობს თბილისელთა მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი.