პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ კომენტარი ჩამოართვა ჩისკო მუნიოსს – „ვალენსიასა“ და „დინამო თბილისის“ ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელია. ჩისკომ „ვალენსიაში“ გიორგი მამრდაშვილის ჩარიცხვა შეაფასა, რომელსაც „დინამო თბილისიდან“ და საქართველოდან კარგად იცნობს.
„გიორგი მამარდაშვილის „ატრომიტოსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში თამაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიახლე იყო. 20 წლის ქართველმა მეკარემ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. გუნდში სამომავლო პერსპექტივაზე გათვლით ჩარიცხულმა მეკარემ დატოვა იმის ნიშნები, რომ მას ბევრად მეტი სურს, ვიდრე ესპანეთის მეხუთე ლიგაში „ვალენსიას“ შვილობილ გუნდში თამაშია.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის კარგი გამოცდილებით ჩამოვიდა საქართველოდან, სადაც მთავარ ლიგაში 57 თამაში ითამაშა. „დინამო თბილისის“ აღზრდილი „ვალენსიამ“ გამოსყიდვის უფლებით დაიმატა. მას „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია, მაგრამ გუნდში იყო 2018 წლიდან და 13 მატჩის განაცხადში მოხვდა. იქ ის მუშაობდა ინგლისის „უოტფორდის“ ამჟამინდელი მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის ხელმძღვანელობით, სანამ იჯარით „ლოკომოტივში“ წავიდოდა“, – წერს „მარკა“ და „დინამოს“ ექს-მოთამაშისა და მწვრთნელის კომენტარს აქვეყნებს.
„ის ნიჭერია და გუნდმა უნდა დაუთმოს დრო. მამარდაშვილი ძალიან საინტერესო მეკარეა და გუნდი მას უნდა ენდოს. მას შეიძლება დიდი პროგრესი ჰქონდეს და „ვალენსიასთვის“ კარგი შენაძენია”, – ამბობს მწვრთნელი, რომელმაც „უოტფორდი“ ინგლისის პრემიერლიგაში დააბრუნა.
მიუხედავად მამარდაშვილის სიმაღლისა (196 სმ), ჩისკოსთვის ქართველი მეკარის მთავარი მახასიათებელი სხვა რამ არის.
„ის ძალიან მოძრავია, ფეხებით კარგად თამაშობს და მშვენიერი რეფლექსები გააჩნია“.
„ადგილობრივ ლიგაში მატჩების გარდა, მამარდაშვილს ევროპული გამოცდილებაც აქვს. მისი გუნდი „ლოკომოტივი“ მონაწილეობდა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრებში და კრაიოვას „უნივერსიტეტეას“ და მოსკოვის „დინამოს“ დამარცხების შემდეგ, „გრანადასთან“ დამარცხდნენ – ის სამივე მატჩში მონაწილეობდა. მისმა კარგმა გამოსვლებმა გამოიწვია ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მიწვევა, სადაც ჯერ დებიუტი არ ჰქონია, მაგრამ იყო ხუთი მატჩის განაცხადში, რომელთაგან ერთი საქართველოს ნაკრებმა მარტში ესპანეთის წინააღმდეგ გამართა“, – ეს ისევ „მარკას“ ჟურნალისტის სიტყვებია.