ჩირო ვენერატო - დე ლაურენტისი კვარაცხელიას ხელფასს გაუზრდის და „ნაპოლიში“ სამი წელი დატოვებს #1TVSPORT
სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა, ჩირო ვენერატომ ახსნა, თუ რატომ შეხვდა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, – ამის შესახებ მან Station Radio-ს ეთერში ისაუბრა.
„რატომ შეხვდა დე ლაურენტისი კვარაცხელიას აგენტს? ეს იყო შესაძლებლობა, ესაუბრათ მომავალზე. „ნაპოლის“ მეპატრონის სურვილია, რომ ხვიჩას მეტი სტიმული მისცეს. კონტრაქტის განახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ერთი წლის წინ გაფორმდა. გადავადებასთან დაკავშირებით პრობლემა არც იქნება, მაგრამ დე ლაურენტისი ხელფასის ორ-ნახევარ მილიონამდე გაზრდას აპირებს.
ეს იყო ხალხის დასანახად ხელის ჩამორთმევა, მაგრამ უნდა განვმარტოთ, რომ ხელშეკრულების განახლება მხოლოდ ოქტომბერში მოხერხდება. მიუხედავად გასაგები ამბიციებისა, „ნაპოლი“ ახალი სეზონის დაწყებას კვარაცხელაის გარეშე არ აპირებს, ქართველ ახალგაზრდასაც ნეაპოლში ყოფნა უხარია. საერთოდ, ჩვენ ვიცით, რომ დე ლაურენტისი დიდ ფეხბურთელებთან მუშაობას, მინიმუმ, სამი წლის განმავლობაში ამჯობინებს.
ამ თვალსაზრისით, ოსიმენთან დაკავშირებული ვითარება დიამეტრალურად საპირისპიროა. მისი მომავალი ივნისში გადაწყდება და, დიდი ალბათობით, ნიგერიელი ევროპის ტოპ კლუბში გადავა. „ჩელსის“ ინტერესს ემატება ისეთი კლუბების აქტიურობა, როგორებიც არიან მადრიდის „რეალი“ და „პსჟ“, – ამტკიცებს იტალიელი ექსპერტი.