ჩინებული შანსი დაკარგულია - „აპოელი“ ქართველების გარეშე დამარცხდა და კონფერენს ლიგას დასჯერდა #1TVSPORT
ჩინებული შანსი დაკარგულია - „აპოელი“ ქართველების გარეშე დამარცხდა და კონფერენს ლიგას დასჯერდა #1TVSPORT

„აპოელს“, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში დიდი იმედგაცრეუბა ელოდა – გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, დამარცხდა და საბოლოოდ, მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა.

„აპოელი“ 32-ე ტურში საჩემპიონო ექვსეულის ბოლოადგილოსანპაფოსს“ ესტუმრა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა. ქართველებიდან განაცხადში მხოლოდ მურთაზ დაუშვილი მოხვდა, გიორგი ქვილითაია ტრავმისგან საბოლოოდ ვერ განიკურნა, თორნიკე ოქრიაშვილის უთამაშებლობის მიზეზი კი უცნობია.

მასპინძლები პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ. მართალია, მეორე ნახევარში ლუკასმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ჯაირომ, რომელიც მატჩის გმირი გახდა, დუბლი შეასრულა და „პაფოსს“ გამარჯვება მოუტანა – 3:1.

ქართველების კონკურენტი ლარნაკას აეკ-ი გასვლაზე უკვე გაჩემპიონებულ ლიმასოლის „აპოლონს“ დაუპირისპირდა, რომლის ძირითად შემადგენლობაში რეზი ინჯგია იყო და 65 წუთი ითამაშა. სტუმრებს მეტი მოტივაცია ჰქონდათ და საბოლოოდ, 1:0 მოიგეს.

საბოლოოდ, „აპოელი“ 52 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, აეკ-მა (54) კი ქართველების გუნდს გადაასწრო, მეორე ადგილი დაიკავა და კვიპროსიდან ჩემპიონთა ლიგის მეორე საგზურს დაეუფლა. გუშინ „ანორთოსისმაც“ წააგო, თავისი შანსი დაკარგა და ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე გასულმა თემურ ქეცბაიას გუნდმა ევროსაგზური ვერ მოიპოვა.