ეროვნული ლიგის მე-8 ტურში საჩხერეს „ჩიხურა“ „დინამო-არენაზე“ თბილისის „დინამოს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 1:0. ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ გაიტანა.
საჩხერეს „ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი ვახტანგ თურმანიძე მიიჩნევს, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.
„მიმაჩნია, რომ დღეს წაგებას არ ვიმსახურებდით, მომენტებიც შევქმენით და ქულის მოპოვებაც შეგვეძლო და მოგებაც. საწყენია, რომ თამაში დასანანი შეცდომით წავაგეთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საჩხერეს „ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელმა, ვახტანგ თურმანიძემ.
რვა ტურის შემდეგ საჩხერეს „ჩიხურა“ ხუთი ქულით ისევ აუტსაიდერებშია – მე-8 ადგილზე. თუმცა, „ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გუნდი ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს: „დღევანდელმა შეხვედრამ და აქამდე გამართულმა მატჩებმა ყველას აჩვენა, რომ საჩხერეს „ჩიხურა“ თამაშიდან თამაშამდე უკეთ გამოიყურება. აქედან გამომდინარე მჯერა, რომ ყველა მეტოქესთან ვიბრძოლებთ და წელს ეროვნულ ლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ“.