საჩხერის ”ჩიხურა” ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-7 ტურის მატჩისთვის სოფელ ივანწმინდაში ემზადება. 22 აპრილს სოსო ფრუიძის გაწვრთნილები ”სამტრედიას“ უმასპინძლებენ.
ამ ამბავში მნიშვნელოვანი ისაა, რომ წელს გუნდი საშინაო შეხვედრას პირველად ჩაატარებს არა თბილისში, არამედ საკუთარ არენაზე – ივანწმინდას სტადიონზე.
”ჩიხურას” დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის თქმით, ამ ეტაპზე ივანწმინდის მინდვრის საფარის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და ეროვნული ლიგის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ საჩერეს მთავარი არენის, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ არხს შუკაკიძემ განუცხადა, რომ მოედნის საფარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააგებს, ხოლო ტრიბუნებისა და ადმინისტრაციული შენობის განახლება საკუთარ თავზე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა აიღო.
პროექტის განხორციელება ორ ეტაპად იგეგმება, რომლის შედეგადაც საჩერეს ცენტრალური სტადიონი 4 ათას მაყურებელს დაიტევს, ტრიბუნება გადაიხურება და განათების ახალი სისტემა დამონტაჟდება.