ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების განახლებული რეიტინგის TOP 3-ში, წონების მიხედვით, ოთხი ქართველი მოხვდა #1TVSPORT
მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ 2021 წლის სეზონის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა ,სადაც სხვადასხვა წონის TOP 3-ში ოთხი ქართველი მოჭიდავეა.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, გენო პეტრიაშვილმა 2021 წელი წონის ლიდერად დაასრულა.
პეტრიაშვილმა წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიურ თამაშებზე კი – ვერცხლი.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძე 79კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზეა. ქართველი ფალავანი, რომელმაც წლეულს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მხოლოდ ამერიკელ ჯორდან ბაროუზს ჩამორჩება.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და უფროსებში მსოფლიოს ვერცხლის და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლერი აბულაძე, 63-კგ წონით კატეგორიაში მეორე პოზიციაზეა.
130კგ-ში ასევე მეორე ადგილს იკავებს იაკობ ქაჯაია, რომელმაც 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. წყალტუბოელმა მძიმეწონოსანმა ევროპის ჩემპიონატიც ვერცხლით ჩაამთავრა, მსოფლიოზე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.