ჭიაბრიშვილმა „დინამოში“ დებიუტი ხუთბურთიანი გამარჯვებით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT
ჭიაბრიშვილმა „დინამოში“ დებიუტი ხუთბურთიანი გამარჯვებით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა. გუნდმა ეროვნული ლიგის მე-18 ტურში „გაგრას“ უმასპინძლა და ლამაზი ფეხბურთით დამაჯერებლად დაამარცხა.

„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში პირველივე ტაიმში გახსნეს. 22-ე წუთზე, ოსეი ბარნსის ფლანგური გადაცემა უსმანე კამარამ ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა.

მეორე გოლიც „დინამომ“ კამარას აქტიური მონაწილეობით გაიტანა. 52-ე წუთზე თბილისელთა გვინეელი ლეგიონერი საჯარიმოში წააქციეს და „გაგრას“ კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც გიორგი მოისწრაფიშვილმა უნაკლოდ შეასრულა.

უსმანე კამარა მონაწილეობდა მესამე გოლშიც, რომელიც ნიკა მალისა და თორნიკე კირკიტაძის გათამაშებული შეტევის შემდეგ გავიდა – „დინამოს“ თავდამსხმელმა ბურთი კართან მიიღო და დარტყმა ვერ მოახერხა, მაგრამ კარგ პოზიციაზე ოსეი ბარნსი მონახა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

74-ე წუთზე გოლი ანზორ მექვაბიშვილმაც გაიტანა. სწრაფ კონტრშეტევაში გამორჩეული როლი დავით სხირტლაძემ ითამაშა, რომელმაც რთულ ვითარებში მიიღო ბურთი და მეკარესთან პირისპირ დატოვა „დინამოს“ ვიცე-კაპიტანი, რომელმაც ახლოდან გაიტანა. 82-ე წუთზე კი დავით სხირტლაძემ თავად გოდფრი სტეფენის ფლანგური გადაცემით გაიტანა.

„დინამო თბილისმა“ საბოლოოდ 5:0 მოიგო, 18 ტურის შემდეგ 35 ქულა დააგროვა, წყალტუბოს „სამგურალს“ გადაასწრო (33) და მეორე ადგილზე აინაცვლა. „გაგრა“ (17 ქულა) კი მე-9 ადგილზე დარჩა.