ჭიაბრიშვილმა „დინამოს“ დებიუტანტებზე ისაუბრა - იმდენად კარგი ახალგაზრდები არიან, ადაპტაციისთვის დიდი დრო არ სჭირდებათ #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ საქართველოს თასის გათამაშებაში ჩაერთო და „სამტრედიასთან“ სახეშეცვლილი შემადგენლობით ითამაშა – ოფიციალურ მატჩში შედგა ჯიმი ტაბიძის დებიუტი, რომელმაც გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა მოედანზე და 57 წუთი ითამაშა.
„დინამოს“ პირველ გუნდში სამი აკადემიელის დებიუტი შედგა – გაბრიელ სიგუა, ლუკა ლაცაბიძე და თემურ გოგნაძე სამტრედიასთან მატჩში 74-ე წუთზე შეცვლაზე შემოვიდნენ.
თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა საქართველოს თასზე გამართული შეხვედრა შეაფასა და აკადემიელ დებიუტანტებზე ისაუბრა.
„ჩვენ ბევრ რაღაცაში გვაქვს მოსამატებელი. ბევრი რამით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს, ალბათ, ნელ-ნელა დავალაგებთ. მე მახარებს ის ფაქტი, რომ შეგვიძლია ახალგაზრდა მოთამაშეებს დროის მცირე მონაკვეთში უმტკივნეულოდ მოვკიდოთ ხელი და პირველ გუნდთან ვავარჯიშოთ – იმდენად კარგი ახალგაზრდები არიან, ადაპტაციისთვის დიდი დრო არ სჭირდებათ. ჩვენთვის სიძლიერეა, რომ ზურგს ასეთი აკადემია გვიმაგრებს“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.