ეროვნული ლიგის ტრადიციულ დაჯილდოებაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში იმართებოდა, წლის მწვრთნელის ნომინაციის გამარჯვებული დაასახელეს.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დასახელდა, რომელიც თბილისის „ლოკომოტივში“ სეზონის შუაში მივიდა, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ გუნდმა სამეულისთვის იბრძოლა და ევროპალიგაზე ქართველი გულშემატკივარი კარგი თამაშით გაახარა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გარდა, ნომინანტები იყვნენ ჩისკო მუნიოსი (დინამო თბ) და გიორგი ნემსაძე (დილა).
ამავე დროს, ცნობილი გახდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – უმრავლესობის ხმებით, პირველ ადგილზე თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე გავიდა.
სიხარულიძემ მიმდინარე სეზონში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 9 გოლით მეორე ადგილი დაიკავა და გორის „დილას“ ლეგიონერს, მიკოლა კოვტალიუკს (10) ერთი გოლით ჩამორჩა. მაგრამ გერმანული სისტემით, გოლი+პასით 13 ქულა დააგროვა (9 გოლი+4 პასი) და კოვტალიუკს (10 გოლი+2 პასი) და სხვა კონკურენტებს გაასწრო.
სიხარულიძის გარდა, ნომინანტები იყვნენ მიკოლა კოვტალიუკი (დილა) და ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ).