რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველ დენის ჩერიშევს, რომელმაც მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე ოთხი გოლი გაიტანა, შესაძლოა დოპინგის გამოყენება დაუდასტურდეს. 27 წლის ფეხბურთელი ამჟამად „ვილიარეალიდან“ „ვალენსიაშია“ განათხოვრებული და ეჭვი მის მიერ აკრძალული პრეპარატების გამოყენებაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისმა მამამ აღიარა, რომ დენისი ზრდის ჰორმონებს (HGH) იყენებდა.
მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტომ (WADA) ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის (BBC) განუცხადა, რომ ამ საქმის გამოძიებით ამჟამად შესაბამისი ესპანური სამსახურია დაკავებული.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩერიშევმა რუსეთის მაისურით ხუთი მატჩი ჩაატარა, გუნდმა კი მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ხორვატიასთან მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში დამარცხდა.
ზემოხსენებული პრეპარატის გამოყენება სპორტში მხოლოდ გამონაკლისის სახითა და თერაპიული მიზნებით არის ნებადართული, წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტსმენს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ფეხბურთელის მამამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ხსენებული ინტერვიუ მუნდიალის დაწყებამდე მისცა და რომ მისი ნათქვამი ჟურნალისტებმა არასწორი ინტერპრეტაციით გადმოსცეს.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, რუსულ გაზეთ „სპორტ-ექსპრესთან“ საუბარში მან შემდეგი განაცხადა:
„ჩემი მხრიდან არანაირ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ალბათ სჯობს ეს საქმე სპეციალისტებს მივანდოთ“.