ჩემს ტრანსფერზე კიევის „დინამოს“ პრეზიდენტს დაველაპარაკები - წიტაიშვილმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა და ძველი პრობლემებიც გაიხსენა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა უკრაინულ გამოცემა NV-სთან ინტერვიუში კიევის „დინამოში“ შექმნილ პრობლემებზე ღიად ისაუბრა და არ დამალა, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით უკრაინული კლუბის პრეზიდენტს დაელაპარაკება.
გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ აღზრდილია. უკრაინის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. თუმცა კიევის „დინამოში“ ფეხი ვერ მოიკიდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიწყო იჯარა – ასე მოიარა „ვორსკლა“, „ჩერნომორეცი“, კრაკოვის „ვისლა“, პოზნანის „ლეხი“ და ბოლოს ბათუმის „დინამო“. ამ უკანასკნელთან ერთად 23 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
„რა არ გამოვიდა კიევის „დინამოში?“ პასუხის გაცემა მიჭირს. ბევრი ფაქტორია, მაგრამ ეს ეტაპი უკვე გავლილია და მომავალზე ვარ ორიენტირებული, წარსულს არ ვუყურებ. ბევრი რამ იყო დამოკიდებული ჩემზე და გუნდში არსებულ ვითარებაზე. მაშინ „დინამოს“ მძიმე პერიოდი ჰქონდა… არ იყო ნდობა, არ იყო განცდა, რომ სამწვრთნელო შტაბს ვჭირდებოდი. ყველაზე არ ვლაპარაკობ. ალექსანდრე ხაცკევიჩის შტაბის დროს ვიგრძენი, რომ საჭირო ფეხბურთელი ვიყავი. სხვა მწვრთნელებთან თავდაჯერებულად არ ვგრძნობდი თავს. და იმ ასაკში, ასეთ მდგომარეობაში თამაში ძალიან რთულია.
იყო პერიოდები, როცა თანაგუნდელები მეხმარებოდნენ. იყო პერიოდები, არ მეხმარებოდნენ. ხანდახან უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან ბურთს ბევრჯერ ვკარგავდი, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. მეგონა, რომ ყველა ჩემ წინააღმდეგ იყო. ზეწოლას ვგრძნობდი არა მხოლოდ ფეხბურთელების და ხელმძღვანელობის, არამედ გულშემატკივრების მხრიდანაც. როცა შეცდომებს ვუშვებდი, ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ამისთვისაც მზად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ იმ მომენტში არ ვიყავი და ყველაფერზე ძალიან ვნერვიულობდი.
სამომავლოდ რა გეგმები მაქვს? ბათუმის „დინამოსთან“ იჯარა 2024 წლის ზაფხულამდე მაკავშირებს, ხოლო კიეველებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული. ჩემი მიზანია, დავიბრუნო საკუთარი თავის ნდობა. ზაფხულამდე მნიშვნელოვანია, დიდი სათამაშო დრო მივიღო, კარგი სტატისტიკა დავაფიქსირო და შემდეგ ვნახოთ. ახლა არც ვიცი, რას მეტყვის კიევის „დინამო“ რომელსაც ჩემი ტრანსფერი ეკუთვნის. არ ვიცი, რას გადაწყვეტენ. დაველაპარაკები გუნდის პრეზიდენტს, იგორ სურკისს და ვნახოთ, რა მოხდება. რა თქმა უნდა, გეგმები მაქვს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.