ჩემპიონთა ლიგის ყოფილი გამარჯვებული - „რუბინის“ წარმატების შემოქმედები სლუცკი და კვარაცხელია არიან #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ყოფილი გამარჯვებული - „რუბინის“ წარმატების შემოქმედები სლუცკი და კვარაცხელია არიან #1TVSPORT

ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი დიმიტრი ალენიჩევი დასრულებულ სეზონში ყაზანის „რუბინის“ შედეგს „სასწაულად“ მიიჩნევს, ხოლო მის ერთ-ერთ შემოქმედად – ხვიჩა კვარაცხელიას.

შეგახსენებთ, რომ ყაზანელებმა რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავეს და ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ევროსაგზური მოიპოვეს – ზაფხულში უეფა-ს კონფერენციათა ლიგაზე ითამაშებენ.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ყაზანელებისგან ასეთ შედეგს არ ველოდი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდმა სასწაული მოახდინა. პირველ რიგში, ეს მთავარი მწვრთნელის ლეონიდ სლუცკის დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება „რუბინის” ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა. მას ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. გარდა ამისა, ყაზანელთა გუნდი ერთსულოვნებით გამოირჩეოდა“, – განაცხადა ალენიჩევმა.

დმიტრი ალენიჩევი რუსეთის ნაკრების მოთამაშე იყო (55 მატჩი, 6 გოლი), უთამაშია ცნობილ ევროპულ კლუბებში, „პორტუსა“ და რომაში“. ის პირველი რუსი ფეხბურთელია, რომელმაც მოიგო ორი ყველაზე პრესტიჟული ევროპული საფეხბურთო ტურინირი – პორტუგალიურ გრანდში უეფა-ს თასის (2003 წელს) და ჩემპიონთა ლიგის (2004 წელს) გამარჯვებული გახდა. ორივე ფინალში ალენიჩევმა გოლი გაიტანა. ის ერთ-ერთია იმ ოთხი ფეხბურთელიდან (კუმანთან, რონალდუსთან და ჯერარდთან ერთად), რომელმაც გოლები ზედიზედ ორ ფინალში გაიტანა.