ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი | „მალმე“ – „იბერია“ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ შვედეთში იმყოფება და დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „მალმეს“ დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
პირველი მატჩი „მიხეილ მესხის არენაზე“ შვედეთის ჩემპიონმა 3:1 მოიგო. თბილისში გამართულ შეხვედრაში მსაჯს შეეძლო ჯერ „მალმეს“ მეკარის გაძევება, ხოლო მეორე ტაიმში – სტუმართა კარში პენალტის დანიშვნა, თუმცა ორივე შემთხვევაში თავი შეიკავა, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა.
„მალმეს“ საშინაო არენაზე, „ნიუ სტედიუმზე“ გასამართ შეხვედრას ფრანგი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარ არბიტრად რომან ლისორგი იმუშავებს, მისი ასისტენტები იქნებიან ბრის პარინეტ ლე ტელიე და სტივენ ტორეგროსა, ხოლო მეოთხე მსაჯი ჯერემი სტინატია. ვიდეორეფერიზე პასუხისმგებლები ერიკ ვატელიე და მარკ ბოლენიე არიან.
უეფა-ს საკლუბო რეიტინგში „იბერია“ ამჟამად 307-ე ადგილზეა, შვედეთის ჩემპიონი კი — 118-ზე. Transfermarkt-ის მონაცემებით, თბილისის კლუბის შემადგენლობა 5.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხოლო „მალმესი“ — 41.55 მილიონ ევროდ.