ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი | კაშიას „სლოვანის“ შანსი - სლოვაკები დანიის ჩემპიონს დაუზავდნენ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბრატისლავის „სლოვანი“ სტუმრად დანიის ჩემპიონ „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდა – შეხვედრა 1:1 დაასრულა.
37 წლის გურამ კაშია „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება (7.2) დაიმსახურა. „ჯვაროსნების“ კაპიტანი კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და მის გუნდს ამის რეალური შანსი აქვს.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 59-ე წუთზე გურამ კაშიამ მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა და სლოვაკების შეტევა წამოიწყო, რომელიც პანამელმა მცველმა, სეზარ ბლეკმენმა გოლით დააგვირგვინა.
თუმცა, სლოვაკებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. დაცვაში კაშიას მეწყვილე შეცდა და დანიელთა ზამბიელმა თავდამსხმელმა, ედვარდ ჩილუფიამ წონასწორობა აღადგინა.
საპასუხო შეხვედრა ბრატისლავაში 28 აგვისტოს გაიმართება.