ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი - აზაროვი განაცხადში არ იყო, გუგეშაშვილი ისევ სათადარიგოებში დარჩა #1TVSPORT
ირაკლი აზაროვის ახალი კლუბი, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩის მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ დამარცხდა, ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ კი შინ ისევ ფრედ ითამაშა.
სერბეთის ჩემპიონი ჰაიფაში „მაკაბის“ ესტუმრა. ჯერ განაცხადში საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი არ შეუყვანიათ და ის სამატჩო განაცხადში არ იყო. მატჩი ისრაელის კლუბისთვის სასურველად დაიწყო და ჰაიტელი თავდამსხმელის, ფრანც პიეროს გოლით მე-18 წუთზე „მაკაბი“ დაწინაურდა.
სერბულმა კლუბმა 27-ე წუთზე წონასწორობა ალეკსანდარ პეშიჩის გოლით აღადგინა, ხოლო 39-ე წუთზე გელორ კანგამ დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმში პიერომ (51-ე წუთზე) ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ტიარონ შერიმ (61) „მაკაბი“ წინ გაიყვანა და საბოლოოდ, „ცრვენა ზვეზდა“ 3:2 დამარცხდა.
ლუკა გუგეშაშვილი კვლავ „ყარაბაღის“ სათადარიგოებში იყო – აზერბაიჯანის ჩემპიონმა ბაქოში პლზენის „ვიკტორიას“ უმასპინძლა, რომელსაც „დინამო თბილისის“ ყოფილი დამრიგებელი, მიხალ ბილეკი წვრთნის და მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 0:0.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრები 23 აგვისტოს გაიმართება – ამჯერად მატჩის მასპინძლები სერბული და ჩეხური კლუბები იქნებიან.