ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასული „შერიფის“ ქართველი დირექტორი - ყველა ვარსკვლავი საჩვენოდ განლაგდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასული „შერიფის“ ქართველი დირექტორი - ყველა ვარსკვლავი საჩვენოდ განლაგდა #1TVSPORT

ტირასპოლის „შერიფმა“ დიდი სენსაცია მოახდინა – გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ზაგრების „დინამო“ დაამარცხა (3:0, 0:0) და პირველი მოლდოვური კლუბი გახდა, რომელიც ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, „შერიფის“ ლეგენდად აღიარებულმა ვაჟა თარხნიშვილმა საქართველოს პირველ არხთან გუნდის წარმატების მიზეზებზე ელაპარაკა.

„ნებისმიერი გუნდი ამ წარმატების გამეორებას ისურვებდა. ეს გუნდის პრეზიდენტის დამსახურებაა. ის მაქსიმალისტია და ყველაფერი აქედან იწყება. „რეალი“-„ბარსელონას“ თამაშს რომ უყურებდა, მითხრა, ამ დონის მოთამაშეები უნდა გავზარდოთო. ასეთ პრეზიდენტთან საქმეს ზერელედ ვერ გააკეთებ. დიდია წარმატებაში ჩვენი მწვრთნელის, იური ვერნიდუბის როლი, რომელსაც ჩამოსვლისას ვუთხარი – ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ჩემი ოცნებაა-მეთქი. სწორედ ამ მიზნით ჩამოვედიო. საბედნიეროდ, ასე ვიტყოდი, ყველა ვარსკვლავი საჩვენოდ განლაგდა და ჩვენი სურვილები ახდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ვაჟა თარხნიშვილმა.

მისი თქმით, ასეთი წარმატების მიღწევის პოტენციალი ქართულ კლუბებსაც გააჩნიათ:

„საქართველოში საკლუბო ფეხბურთს ბევრად დიდი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე მოლდოვას. ტრადიციებიც ხელს გვიწყობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩვენი გუნდები ვერ გადიან. ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპიდან „საბურთალომ“ გამოგვაგდო. ეს ჩვენთვის დიდი შოკი იყო. ტირასპოლის მატჩში „საბურთალომ“ მართლა გვაჯობა. კარგი მოთამაშეები და მწვრთნელი ჰყავდათ. ჩემი აზრით, წელს ბათუმის „დინამოს“ არ გაუმართლა, „დინამო თბილისის“ გამოვარდა კი ძალიან მეწყინა. ჩემი აზრით, ცხადაძეს დროს თუ მისცემენ, ის გუნდს აუცილებლად ჩამოაყალიბებს. მას კარგად ვიცნობ და კახას მჯერა. სხვათა შორის, გამიხარდა, აჩი არველაძემ და კახამ წარმატება მოგვილოცეს“.

ქართველი მცველი ტირასპოლურ კლუბში 13 წელი თამაშობდა (1999-2012), იყო გუნდის კაპიტანი და მოლდოვის ჩემპიონობა 11-ჯერ მოიპოვა, რითაც ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. მოლდოვურმაშერიფმა“ 5-ნომრიანი მაისური, ვაჟა თარხნიშვილის საპატივსაცემოდ, ხმარებიდან ამოიღო. იგი კარიერის დასრულების შემდეგ „შერიფში“ დარჩა და 2014 წელს გენერალური დირექტორი გახდა. თარხნიშვილი იყო საქართველოს ნაკრების წევრი, მაგრამ თავის გამოჩენის საშუალება მხოლოდ 2-ჯერ მიეცა.