თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თსუ ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის 2020/21 სეზონის გათამაშების წინასწარი ტურის მატჩისთვის ემზადება. საქართველოს ჩემპიონი უნგრეთის ჩემპიონს, „ბერეტიუიფალუს“ 24 ნოემბერს უმასპინძლებს.
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ტურში 46 გუნდი მონაწილეობს და მათგან 23 უძლიერესი, 24 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით გამოვლინდება. წყვილებში გამარჯვებულები ერთმატჩიან დაპირისპირებებში გამოვლინდებიან.
საქართველოს ჩემპიონი თსუ, რომელიც ევროგათამაშებაში პირველად მონაწილეობს, უნგრულ გუნდს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 24 ნოემბერს უმასპინძლებს. გუნდი თამაშისთვის ემზადება, მწვრთნელები და ფეხბურთელები იმედოვნებენ, რომ უნგრულ ბარიერს გადალახავენ.
„ძლიერი მეტოქეა, რომელსაც ესპანელი მწვრთნელი, ოთხი ლეგიონერი და უნგრეთის ნაკრების ხუთი მოთამაშე ჰყავთ. მიმაჩნია, რომ რთული ბრძოლა გველის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენთან ჩემპიონატი ორი თვის წინ დასრულდა, უნგრეთში კი მე-10 ტური ჩაატარეს და გაგანია სეზონია. თუმცა, ჩვენი იმედი ის არის, რომ ერთი მატჩი გველის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, – ამბობს თსუ-ს მთავარი მწვრთნელი.
დავით ბობოხიძე აღნიშნავს, რომ თსუ ამ მნიშვნელოვან შეხვედრამდე ნაკრების შვიდი წევრითა და კანდიდატით გაძლიერდა: „ამ თამაშებისთვის „თელასიდან“ დავიმატეთ თოფურია და ჯვარაშვილი, ილიაუნიდან – ასაშვილი, ჩვენი ყოფილი მოთამაშეები „კავკასიიდან“ კობაიძე და ჭანუყვაძე, ასევე კეკელია, რომელიც უცხოეთში თამაშობდა“.