ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი იტალიური გუნდების („ნაპოლი“, „იუვენტუსი“, „მილანი“) შემოსავალმა 216 მილიონი ევრო შეადგინა, – ინფორმაციას Calcio e Finanza აქვეყნებს.
კლუბებმა 15,64 მილიონი ევრო ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის მიიღეს, რასაც ჯგუფში მიღწეული შედეგებისთვის ბონუსები დაემატა, ამ მხრივ „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა და 15 მილიონზე მეტი დააგროვა. ამავე დროს, გუნდმა დამატებითი თანხები მერვედფინალსა და მეოთხედფინალში გასვლისთვის მიიღო, რაც, ჯამში, დაახლოებით 78 მილიონი ევროა.
ნახევარფინალში გასული „მილანი“ დაახლოებით 85 მილიონ ევროს მიიღებს, „იუვენტუსი“ კი „მხოლოდ“ 53 მილიონ ევროს დასჯერდა.
შემოსავლის მხრივ რეკორდსმენი „ინტერია“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და უკვე 100 მილიონი ევრო გამოიმუშავა, თუ მილანური გუნდი ფინალში „მანჩესტერ სიტის“ დაამარცხებს და ტიტულს მოიგებს, მისი შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება.
Calcio e Finanza-ს ცნობით, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ მაჩვენებლები გამოთვლილია იმ ჯარიმების გათვალისწინებით, რომელიც გუნდებს ფინანსური ფეარ ფლეის დარღვევისთვის დაეკისრათ.