ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ „რეალს“ შეხვდა და დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფორმით თავისი ოცნების გუნდს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა. ნეაპოლელები დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდნენ.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო – ხვიჩა სამეფო კლუბთან თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ მცველებისა და ნახევარმცველების მუდმივი მეურვეობის გამო თავის გამოჩენა უჭირდა.
თამაში მადრიდის „რეალის“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მე-19 წუთზე ანგარიში „ნაპოლიმ“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ გახსნა – ნათანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და ლეო ოსტიგორმა დამატებაზე გაიტანა.
„რეალმა“ წონასწორობა მალე აღადგინა. ჯუდ ბელინგემმა დი ლორენცოს გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ ვინისიუს ჟუნიორი დატოვა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა. 34-ე წუთზე კი ბელინგემმა მშვენიერი რეიდის შემდეგ თავად გაიტანა და მადრიდელებმა ტაიმი 2:1 მოიგეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში „ნაპოლიმ“ წონასწორობა აღადგინა. ვიქტორ ოსიმენის დარტყმულ ბურთზე ნაჩომ ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა, რომელიც პიოტრ ზელინსკიმ ზუსტად შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ამის შემდეგ უფრო მწვავედ შეუტია. პირველი რეალური მომენტი 56-ე წუთზე შექმნა, მცველებს გასცდა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. ერთ წუთში კიდევ ერთი სახიფათო შეტევის შემდეგ საჯარიმოსთან ზელინსკი მოძებნა, რომლის დარტყმა არიზაბალაგამ მოიგერია.
65-ე წუთზე ზელინსკიმ შესანიშნავი გადაცემით ხვიჩა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მადრიდელთა მცველმა მოასწრო დაზღვევაზე თამაში, ქართველი შემტევის დარტყმას გადაეფარა და მშვენიერი შანსით სარგებლობის შესაძლებლობა არ მისცა.
78-ე წუთზე „რეალმა“ მაინც მოახერხა გატანა, ფედე ვალვერდეს შორეული დარტყმის შემდეგ ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი ნეაპოლელთა მეკარეს, ალექს მერეტს მოხვდა და კარში შევარდა.
ორი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „რეალი“ 6 ქულით ლიდერობს, „ნაპოლი“ 3 ქულით მეორე ადგილზეა და დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს ამდენივე ქულის მქონე „ბრაგას“, რომელმაც ბერლინში „უნიონი“ 3:2 დაამარცხა.
მომდევნო მატჩს ნეაპოლელები 24 ოქტომბერს სტუმრად ბერლინში, „უნიონის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.