ჩემპიონთა ლიგა | ყრუაშვილმა კიტეიშვილის გარეშე დარჩენილი „შტურმის“ მატჩი განსაჯა, ქართველებიდან მხოლოდ კაშიამ ითამაშა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | ყრუაშვილმა კიტეიშვილის გარეშე დარჩენილი „შტურმის“ მატჩი განსაჯა, ქართველებიდან მხოლოდ კაშიამ ითამაშა #1TVSPORT

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე სამი ქართველი ფეხბურთელიდან მხოლოდ ერთმა ითამაშა, მათი გუნდები კი დამარცხდნენ.

„ჟირონამ“ ესპანეთში გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანს“ უმასპინძლა და 2:0 სძლია. სტუმართა კარი გუტიერესმა (42) და ხუანპემ (73) აიღეს. კაშიამ სლოვაკური გუნდის მცველებიდან ყველაზე მაღალი შეფასება – 6.7 ქულა დაიმსახურა.

ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ ლონდონში „არსენალს“ ესტუმრა და 1:0 წააგო. ინგლისელებმა რიზნიკის (29) ავტოგოლით მოიგეს. საქართველოს ნაკრების მოთამაშე სათადარიგოთა შორის იყო.

ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „სპორტინგთან“ ვერაფერი გააწყო და 0:2 დამარცხდა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა ქართველი ნახევარმცველის სათადარიგოთა სკამზე მოხვედრა იყო. კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „გრაცერთან“ მცირე ტრავმა მიიღო და გუნდის მწვრთნელმა არ გარისკა.

ეს მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ისტორიაში პირველად, ქართველმა მსაჯებმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩი განსაჯეს. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი გახლდათ, რომელსაც ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია ეხმარებოდნენ, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იყო. ერთადერთი საკამათო ეპიზოდი 67-ე წუთზე მოხდა, როდესაც ყრუაშვილმა ვიდეორეფერისთან პენალტის მომენტი გადაამოწმა და გააუქმა.