ჩემპიონთა ლიგა - „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ 1:1 ითამაშეს, ყველაფერი 17 აპრილს გადაწყდება [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა - „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ 1:1 ითამაშეს, ყველაფერი 17 აპრილს გადაწყდება [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველ მატჩში „რეალმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში „სიტის“ უკეთესი სტატისტიკა დაუფიქსირდა. „ქალაქელებს“ ბურთის ფლობის მაჩვენებელი 68 პროცენტი ჰქონდათ, „რეალს“ – 32 პროცენტი. ინგლისელებმა ექვსჯერ დაარტყეს და აქედან ერთხელ ზუსტად, ესპანელებს ერთადერთი დარტყმა ჰქონდათ, რომლითაც გოლი გაიტანეს – ანგარიში ვინისიუსმა გახსნა.

ვინისიუსისთვის ეს იყო მეშვიდე გოლი მიმდინარე ლიგაზე. მასზე მეტი მხოლოდ ერლინგ ჰალანდსა და მოჰამედ სალაჰს აქვთ გატანილი. სულ ჩემპიონთა ლიგაზე ვინისიუსს 15 გოლი დაუგროვდა და ორ ლეგენდას გაუსწრო – რონალდოსა და ზინედინ ზიდანს, რომლებსაც 14-14 გოლი აქვთ.

მეორე ტაიმში როლები შეიცვალა. ბურთი „რეალმა“ მოიპოვა (72 პროცენტი ფლობა), სახიფათოდ შეუტია, მაგრამ გოლი „მანჩესტერ სიტიმ“ გაიტანა. კევინ დე ბრუინმა ილქაი გიუნდოგანისგან მიიღო პასი და საჯარომის გარედან დარტყმით უშანსოდ დატოვა ტიბო კურტუა.

დე ბრუინს ჩემპიონთა ლიგაზე 14 გოლი დაუგროვდა და აქედან ზუსტად ნახევარი საჯარიმოს გარედან დარტყმებით გაიტანა.

დარჩენილ დროში „რეალს“ არაერთი მომენტი ჰქონდა, „სიტიმ“ კი ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა, რაც გამოუვიდა კიდევაც. განმეორებითი შეხვედრა ინგლისელთა მოედანზე 17 მაისს გაიმართება.

„რეალის“ მთავარი მწვრთნელისთვის, კარლო ანჩელოტისთვის ეს იყო 190-ე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, რითიც სერ ალექს ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა.

 

რეალი-მანჩესტერ სიტი              1:1

გოლები: 1:0 ვინისიუსი (36), 1:1 დე ბრუინი (67)

რეალი: კურტუა, კარვახალი, ალაბა, რიუდიგერი, კამავინგა, ვალვერდე, მოდრიჩი (87. ნაჩო ფერნანდესი), კროოსი (84. ჩუამენი), როდრიგო (81. ასენსიო), ბენზემა, ვინისიუსი.

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, რუბენ დიაში, აკანჯი, დე ბრუინი, გიუნდოგანი, როდრი, ბერნარდო სილვა, ჰალანდი, გრილიში.