ჩემპიონთა ლიგა | მწვრთნელების ტაქტიკური დუელი - გვარდიოლას ბოლო ბარიერი თომას ტუხელია #1TVSPORT
00:26, 29.05.2021
დღეს, 29 მაისს მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირის, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ინგლისური გუნდები დაუპირისპირდებიან. პეპ გვარდიოლას „სიტი“ თომას ტუხელის „ჩელსის“ შეხვდება და წესითა და რიგით, გულშემატკივარი დაძაბულ და საინტერესო მატჩს უნდა ელოდოს. ფინალი პორტუგალიის დედაქალაქ პორტუში გაიმართება, რომელსაც 16 000 გულშემატკივარი დაესწრება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდი ამ შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდება და შემადგენლობის კუთხითაც კარგი მდგომარეობაა. თუ გავითვალისწინებთ ამ სეზონს, მანჩესტერული კლუბი შეუჩერებელია და ფინალშიც ფავორიტად მიიჩნევა. მთავარი ფიგურა „ქალაქელების“ მხრიდან, რა თქმა უნდა, კევინ დე ბრუინია, რომელსაც თამაშის თავისი გუნდის სასიკეთოდ წარმართვა შეუძლია. ტუხელის გუნდმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ახალგაზრდა ფილ ფოდენს, რომელიც ესპანელი სპეციალისტის ამ ფორმაციის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და თამაშის თავის თავზე აღება შეუძლია. უერთიერთშეხვედრებში პეპი ტუხელს 4:2-ს უგებს, ერთადერთი ფრე კი მწვრთნელებმა გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშეს, როცა გვარდიოლა „ბაიერნს“ ედგა სათავეში, ტუხელი კი „დორტმუნდს“. საინტერესოა ისიც, რომ „სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 7 შეხვედრიდან ყველა მოგებული აქვს და საშუალოდ 2 გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება „ჩელსის“, ტუხელის გუნდის მთავარი კოზირი დაცვაში თამაში და კონტრშეტევებია, გუნდი ძალიან სწრაფი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და გერმანელ სპეციალისტს თითოეული მათგანის გამოყენება შეუძლია. მნიშვნელობა ექნება ცენტრში თამაშს, რადგან გვარდიოლას გუნდისთვის ეს ერთ-ერთ დადებით მხარეს წარმოადგენს, მაგრამ ამ შეხვედრაში საქმე უფრო გაურთულდება, რადგან წინ ნგოლოკანტეს ბარიერი ელოდება, რომელსაც არაჩვეულებრივი სეზონი აქვს. „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო შვიდ შეხვედრაში საშუალოდ 2.5-ზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული და ბოლო 12 მატჩიდან 11-ში მოგება მოახერხა.
პეპ გვარდიოლა: მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან აქ ვიმყოფები. შევეცდებით ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჩვენგან მხოლოდ ის არის საჭირო, რომ თამაშის მოგება შევეცადოთ.
თომას ტუხელი: ბავშვობაში ხშირად ოცნებობ ასეთ თამაშებზე და ეს მთვარის ყურებას ჰგავს. რადგან ძალიან შორს გეჩვენება. მე, რა თქმა უნდა, ვამბობ, რომ „სიტი“ და „ბაიერნი“, როგორც წინა, ასევე ამ სეზონში, ევროპული ფეხბურთის ეტალონები არიან. ჩვენ ამ ჩამორჩენის შემცირებას შევეცდებით და ფეხბურთში სწორედ ის არის კარგი, რომ ეს 90 წუთში შეგიძლია გააკეთო.