ჩემპიონთა ლიგა | მხოლოდ ქულა ბერლინის „უნიონთან“ - ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარცხელიას „ნაპოლიმ“ ბერლინის „უნიონს“ „სტადიო მარადონაზე“ უმასპინძლა და მოულოდნელად ორი ქულა დაკარგა – 1:1.
ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ნეაპოლელები გერმანულ კლუბთან პირველ ნახევარში ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ. „ნაპოლიმ“ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ პირველი იტალიელთა მხრიდან წესის დარღვევის გამო ზამბო-ანგისას (30-ე წუთზე) არ ჩაუთვალეს.
მეორე გოლი 39-ე წუთზე გავიდა. ამჯერად არანაირი დარღვევა არ ყოფილა და „სტადიო მარადონაზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა გაიხარეს. საგოლე კომბინაცია ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო, რომელმაც მარცხენა ფლანგზე შეტევა მარიო რუის გაუგრძელა, მისი გადაცემით კი ანგარიში მატეო პოლიტანომ გახსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში (52-ე წუთზე) ხვიჩა კვარაცხელიამ გერმანელთა საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და კარის წინ მყოფი პიოტრ ზელინსკი მონახა, მაგრამ პოლონელმა ნახევარმცველმა ბურთი მცველს მოარტყა. „უნიონმა“ კი საპასუხოდ ძალიან სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და გაიტანა, ანგარიში დავიდ დატრო ფოფანამ გაათანაბრა – 1:1.
83-ე წუთზე კვარაცხელიამ კონტრშეტევა განავითარა, მას გატანაც შეეძლო და საგოლე გადაცემის გაკეთებაც, მაგრამ დარტყმა ამჯობინა და „უნიონის“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა. ხვიჩამ ორ წუთში ისევ სცადა გატანა და დარტყმულს ამჯერად მცველი გადაეღობა.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში ქართველს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, თუმცა ბერლინელთა მეკარე უშეცდომო იყო.
საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ მხოლოდ ქულა მოიპოვა, ჯგუფურ ეტაპზე გამართული ოთხი ტურის შემდეგ შვიდი ქულა დააგროვა და მადრიდის „რეალს“ (ცხრა ქულა) ვერ დაეწია, რომელიც შინ „ბრაგას“ უმასპინძლებს.