ჩემპიონთა ლიგა | მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ჩელსი“ დამაჯერებლად დაამარცხა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ჩელსი“ დამაჯერებლად დაამარცხა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსი“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრის წინ უპირატესობა მოიპოვა.

მატჩის პირველი წუთები სტუმართა შეტევებით წარიმართა, თუმცა „სამეფო კლუბმა“ თავისი რიტმი მალე იპოვა და 21-ე წუთზე „ჩელსის“ კარში გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ჩატარებულ ბოლო ცხრა მატჩში ეს ფრანგი ფორვარდისთვის მე-14 გოლი იყო.

ლონდონელების მდგომარეობა 59-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, არბიტრმა მოედნიდან ბენ ჩილუელი გააძევა. მეორე გოლი კი „რეალმა“  74-ე წუთზე გაიტანა, მეტოქის კარის აღება შეცვლაზე შემოსულმა მარკო ასენსიომ მოახერხა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ჩელსისა“ და მადრიდის „რეალის” განმეორებითი მეოთხედფინალური დაპირისპირება 18 აპრილს ლონდონში გაიმართება.

„რეალი“-“ჩელსი“ 2:0

გოლები: ბენზემა (21), ასენსიო (74)

გაძევება: ჩილუელი (59)

რეალი: კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, კამავინგა (71 რუდიგერი), ვალვერდე, კროოსი (84 ჩუამენი), მოდრიჩი (81 სებალიოსი), როდრიგო (71 ასენსიო), ბენზემა, ვინისიუსი.

ჩელსი: კეპა, კულიბალი (55 კუკურელია), ტიაგო სილვა (75 მაუნტი), ფოფანა, ჯეიმსი, კანტე (75 გალაჰერი), ენცო ფერნანდესი, კოვაჩიჩი, ჩილუელი, ჟოაო ფელიქსი (65 ჩალობა), სტერლინგი (65 ჰავერცი).