ჩემპიონთა ლიგა | ლაშა დვალმა მოლდოვის ჩემპიონთან თამაში გამოტოვა #1TVSPORT
ლაშა დვალმა კვიპროსის აპოელ-ის შემადგენლობაში მოლდოვის ჩემპიონთან, „პეტროკუბთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამოტოვა – კვიპროსელებმა შეხვედრა 1:0 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების მცველი აპოელ-ს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაგვაინებით შეუერთდა. დვალმა ლარნაკას აეკ-თან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ კუნთზე დისკომფორტის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა. ტრავმა საშიში არ არის, მაგრამ გართულებების თვიდან აცილების მიზნით აპოელ-ის მწვრთნელმა ლაშას დასვენების შესაძლებლობა მისცა.
ნიქოზიაში გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მოლდოველებმა აპოელ-ს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ 38-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მარკინიოსმა ზუსტად შეასრულა და კვიპროსის ჩემპიონს გამარჯვება მოუტანა – 1:0.
აპოელ-ისა და „პეტროკუბის“ საპასუხო თამაში კიშინეუში, „ზიმბრუს“ სტადიონზე 30 ივლისს გაიმართება.