ჩემპიონთა ლიგა | კიტეიშვილის „შტურმი“ დორტმუნდში „ბორუსიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის „ბორუსიას“ „სიგნალ იდუნა პარკზე“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
კიტეიშვილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, ავსტრიის ჩემპიონი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა და სტუმართა წინა ხაზის მოთამაშეებს შორის საუკეთესო შეფასება, 6.8 ქულა მიიღო.
უპირატესობას გერმანელები ფლობდნენ, მაგრამ „შტურმი“ თავს კარგად იცავდა და პერიოდულად მწვავე კონტშეტევებს ახორციელებდა. მე-16 წუთზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კარში დაარტყა, თუმცა მეკარემ საიმედოდ ითამაშა. ტაიმის ბოლოს კი „დორტმუნდის“ თავდამსხმელის, მაქსიმილიან ბაიერის დარტყმის შემდეგ კიტეიშვილმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და გუნდი გოლისგან გადაარჩინა.
„ბორუსიამ“ გამარჯვება 86-ე წუთზე მოიპოვა, გოლი ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა, დონიელ მალენმა გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის მთავარ ეტაპზე გამართული 4 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ კვლავ ქულის გარეშეა. ქართველი ნახევარმცველის გუნდი შემდეგ ტურში, 27 ნოემბერს ესპანურ „ჟირონას“ უმასპინძლებს.