ჩემპიონთა ლიგა - „ბაიერნი“ მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით „ლაციოს“ დამარცხებას შეეცდება
დღეს, 24 თებერვალს, რომის „ლაციო“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. „რეკორდმაისტერი“ ბოლო დროს არც თუ ისე კარგად გამოიყურება. ფლიკის გუნდმა ბუნდესლიგაში ბოლო ორი მატჩის მოგება ვერ მოახერხა და უშუალო კონკურენტს „ლაიპციგს“, რომელიც „ბაიერნს“ უკვე 2 ქულით ჩამორჩება, გარკვეული შანსები მისცა. მიუნხენელები წინა ტურში სტუმრად „აინტრახტთან“ დამარცხდნენ, ხოლო ფრანკფუნტელებთან მარცხამდე კი „არმინიასთან“ უხვგოლიანი ფრე ითამაშეს 3:3.
რაც შეეხება „ლაციოს“, სიმონე ინძაგის გუნდი ბოლო დროს კარგად გამოიყურება. რომაელებს ბოლო 10 მატჩიდან 8 აქვთ მოგებული და ის ორი მატჩიც „ატალანტასთან“ და „ინტერთან“ სტუმრად დამარცხდნენ. სახლში კი მათ 7-მატჩიანი მოგებების სერია აქვთ.
ყველაზე საინტერესო კი ამ შეხვედრაში ჩირო იმობილეს და რობერტ ლევანდოვკის დაპირისპირებაა, რომლებიც ამ სეზონშიც წარმატებით აგრძელებენ მეტოქეთა კარის აღებას. პოლონელ ფეხბურთელს ამ სეზონში 31 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩიროს ანგარიშზე კი 19 გოლია.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლაციო: რეინა, პატრიჩი, აჩერბი, მუსაჩიო, ლაცარი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო, მარუშიჩ, კორეა, იმობილე.
ბაიერნი: ნოიერი, ზულე, ბოატენგი, ალაბა, დეივისი, კიმიხი, როკა, სანე, გორეცკა, კომანი, ლევანდოვსკი.
მწვრთნელების კომენტარი:
სიმონე ინძაგი (ლაციო): ეს მატჩი იქნება კულმინაცია იმ 5 წლისა, რაც ამ ფანტასტიკურ გუნდთან ერთად ვიმუშავე. ვეცდებით საუკეტესო მატჩი ვაჩვენოთ და ვისიამოვნოთ თამაშით. „ბაიერნმა“ მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. მათ სისუსტეებზე მეტად, მე ყურადღებას ვაქცევ ჩვენ სიძლიერეებს. ბევრი ფინალი გვაქვს ნათამაშები, შესაბამისად ვიცით როგორც უნდა შევხდეთ ამ თამაშს.
ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი): ჩვენ გვჭირდება რომ ვიყოთ საუკეთესო ფორმაში ჩემპიონთა ლიგაზე. ეს განსაკუთრებული მატჩებია და გუნდი შესაბამისად უნდა იყოს მოტივირებული. ჩვენ ვიცით, თუ როგორ გვსურს თამაში და მატჩიც ასე უნდა დავიწყოთ. მე ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი ამას მოახერხებს.