ჩემპიონთა ლიგა | აზაროვი ისევ დაასვენეს - კიტეიშვილმა „შტურმს“ უკაპიტნა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური ცხრა მატჩით დასრულდა. ორ შეხვედრაში მონაწილეობა ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა მიიღეს.
ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ ევროპის ლიგის გამარჯვებულს, ბერგამოს „ატალანტას“ გერმანიაში, გელზენკირხენის „ფელტინს არენაზე“ უმასპინძლა (ამ სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა) და 0:3 დამარცხდა.
აზაროვი უკრაინული გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთმაშია.
საკუთარ მოედანზე „ბრიუგესთან“ 0:1 დამარცხდა „შტურმი“. ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიულ გუნდს უკაპიტნა და შეუცვლელად ითამაშა. „ბრიუგე“ ხრისტოს ცოლისის გოლით 23-ე წუთზე დაწინაურდა. ავსტრიის ჩემპიონი მეორე ტაიმში თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
შემდეგ შეხვედრას ორივე გუნდი 22 ოქტომბერს გამართავს. „შტურმი“ გრაცში ლისაბონის „სპორტინგს“ შეხვდება, ხოლო დონეცკის „შახტარი“ ლონდონში „არსენალს“ ესტუმრება.