ჩემპიონმა წაუგებელი სერია შეწყვიტა - „სამგურალმა“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში წაუგებელი სერია შეწყვიტა. გია გეგუჩაძის გუნდი წყალტუბოში „სამგურალს“ ესტუმრა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3.
26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართულ 25- ე ტურის ამ მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა სწრაფად გათამაშებული შეტევა ილია ახვლედიანმა დემურ ჩიხლაძეს გაუგრძელა, რომელმაც ულამაზესი დარტყმით ბათუმის „დინამოს“ კარი აიღო.
მასპინძლებმა უპირატესობა 30-ე წუთზე გაზარდეს. დემურ ჩიხლაძის უზუსტესი გადაცემით, ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯეფერსონ ჯერალდომ ბათუმელთა კარი მეორედ აიღო და „სამგურალი“ შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა – 2:0.
მცდელობის მიუხედავად, მეორე ტაიმში მოქმედმა ჩემპიონმა მასპინძლებს ვერაფერი მოუხერხა და საკუთარ კარში ბურთი მესამედაც გაუშვა. 68-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ ბურთი საჯარიმომდე მიიტანა და შეტევა მიხეილ ბაშელეიშვილს გაუგრძელა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „სამგურალმა“ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოს“ 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ წელს გუნდები მესამედ შეხვდნენ და „სამგურალი“ ერთადერთი გუნდია, ვისთანაც ბათუმის „დინამოს“ უპირატესობა არ აქვს. პირველი მატჩი ჩემპიონმა 3:0 გასვლაზე მოიგო, შინ 4:4 დაასრულა და ახლა წააგო 0:3.
25 ტურის შემდეგ ბათუმელები 57 ქულით კვლავ პირველ ადგილზე არიან, მაგრამ „დინამო თბილისმა“ (54) ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა. „სამგურალი“ (42) მესამე ადგილზეა და უახლოესი კონკურენტი, გორის „დილა“ (38) მინიმუმ 27-ე ტურამდე ვერ დაეწევა.