ეროვნული საფეხბურთო ლიგის 34-ე ტურში ერთმანეთს სეზონის ორი ტრიუმფატორი დაუპირისპირდა – 2018 წელს საქართველოს თასის მფლობელმა ქუთაისის „ტორპედომ“ ჩემპიონად ახლახანს აღზევებულ „საბურთალოს“ უმასპინძლა.
მოქმედმა ჩემპიონმა ეროვნული ლიგის ახალ გამარჯვებულს, პატივისცემის ნიშნად, სიმბოლურად საჩემპიონო კორიდორი მოუწყო – ამ ლამაზი ჟესტით ქუთაისის „ტორპედომ“ „საბურთალოს“ ქვეყნის ჩემპიონობა მიულოცა. თავის მხრივ „საბურთალომ“ მასპინძლებს ასევე კორიდორი გაუკეთა და თასის დაუფლება დაუფასა.
ქუთაისის „ტორპედო“ გასული სეზონის გამარჯვებულია და ეს ტიტული „საბურთალომ“ ჩამოართვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჟესტით ყოფილ ჩემპიონს ახლისადმი პატივისცემა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში აქამდე არ გამოუვლენია.
შეხვედრა კი დაძაბულად წარიმართა, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 0:0. 34 ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 75 ქულა დააგროვა, ხოლო „ტორპედომ“ – 63 და თბილისის „დინამოს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, რაც სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ვიცე-ჩემპიონობის შანსს უტოვებს.