„ჩელსიში“ ლემპარდისა და კლუბის ხელმძღვანელობის კონფლიქტია მოსალოდნელი
ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა, შესაძლოა, ურთიერთობა გაიფუჭოს კლუბის ხელმძღვანელობასთან. ამის მიზეზი ესპანელ მეკარესთან, კეპა არისაბალაგასთან დაკავშირებული სიტუაციაა.
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული (80 მილიონი ევრო) მეკარე ამ სეზონში არც ისე საიმედოდ თამაშობს. ესპანელმა მთელი რიგი შეცდომები დაუშვა და ბოლო მატჩში „ლესტერთან” კარში ადგილი დაუთმო 38 წლის ვეტერან ვილი კაბალიეროს.
გაზეთ „დეილი მირორის” ინფორმაციით, ლემპარდს აღარ სჯერა არისაბალაგასი და ზაფხულში სურს მის ადგილას „ბარნლის” მეკარე ნიკ პოუპის ან „კრისტალ პალასის” კარის დარაჯის ვისენტე გუაიტას მიწვევა. ეს კი არ შედის კლუბის ხელმძღვანელთა გეგმებში. კერძოდ, ლაპარაკია „ჩელსის“ დირექტორზე მარია გრანოვსკაიაზე – ის პირადად ლობირებდა ესპანელი მეკარის მიწვევას.
ლემპარდი „ჩელსის“ 2019 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს.