„ჩელსის“ სამიზნეა, მაგრამ „ტოტენჰემიც“ მზადყოფნაშია - ფაბრიციო რომანო მამარდაშვილზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში „ვალენსიას“ დატოვებს, ის „ჩელსის“ სამიზნეშია, მაგრამ „ტოტენჰემიც“ მზად არის, რომ სატრანსფერო ბრძოლაში ჩაერთოს, – ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
აპრილის დასაწყისში ფაბრიციო რომანო ამტკიცებდა, რომ ქართველი მეკარისთვის ბრძოლაში ფავორიტი „ლესტერია“, მაგრამ ტრანსფერების ექსპერტმა ახლა განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა.
„ქართველი მეკარე „ვალენსიას“ სეზონის ბოლოს მაინც დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი გასული წლის სექტემბერში 2027 წლამდე გაახანგრძლივა. მის განვითარებას „ჩელსი“ და „სპურსი“ აკვირდებიან.
რაც შეეხება „ლესტერს“, გუნდის წარმომადგენელი აპრილში ფეხბურთელის აგენტს უკვე შეხვდა. „ჩელსიში“ ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში მერყეობდნენ, ვინ უნდა ყოფილიყო პირველი მეკარე, კეპა არიზაბალაგა თუ ედუარდ მენდი, მაგრამ დამაჯერებელი არცერთი არ იყო“, – წერს ფაბრიციო რომანო.
თემას გამოეხმაურა ინგლისური გამოცემა The Sun-ი:
„გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში „ვალენსიას“ დატოვებს – ვრცელდება ჭორები, რომ ახალგაზრდა მეკარის მომავალს „ჩელსის“ უკავშირებენ. თუმცა, 22 წლის ფეხბურთელს „ტოტენჰემიც“ აკვირდება და ახლა მეტოქეებს მამარდაშვილისთვის ბრძოლის დაწყება შეუძლიათ.
„ტოტენჰემი“ სატრანსფერო ბაზარზე უგო ლორისის გრძელვადიან შემცვლელს ეძებს. „ლესტერს“ კი ჯერ არ ჰყავს გუნდის პირველი მეკარის შემცვლელი აყვანილი მას შემდეგ, რაც კასპერ შმეიხელი გასულ ზაფხულს გაათავისუფლეს.
მამარდაშვილი 2021 წელს „დინამო თბილისიდან“ გადასვლის შემდეგ „ვალენსიას“ კარში ჩადგა, მიმდინარე სეზონში კი ლა ლიგის ყველა შეხვედრა ჩაატარა. თუმცა, ესპანურ კლუბს უჭირს და მეორე დივიზიონში დაქვეითების საფრთხე 1987 წლის შემდეგ პირველად ემუქრება. სეზონის დასრულებამდე ცხრა მატჩი დარჩა, ისინი კი მე-18 ადგილზე არიან და გავარდნის ზონაში იმყოფებიან“.