„დორტმუნდის“ ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი „ჩელსიში“ გადავიდა, – იტყობინება ლონდონური კლუბის პრეს-სამსახური.
20 წლის ამერიკელი ფეხბურთელი „ჩელსის“ შემადგენლობას მხოლოდ 2019 წლის ზაფხულში შეავსებს, ამ სეზონის ბოლომდე კი თამაშს იჯარის წესით „დორტმუნდში“ გააგრძელებს. გერმანულ კლუბს პულიშიჩის სამსახური არაფერი დაუჯდება.
„ჩელსის“ ეს ტრანსფერი 64 მილიონი ევრო დაუჯდა, რითაც პულიშიჩი გახდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ამერიკელი ფეხბურთელი. მან გააუმჯობესა ჯონ ბრუქსის რეკორდი, რომელშიც „ვოლფსბურგმა“ 2017 წელს, 22 მილიონი ევრო გადაიხადა.
კრისტიან პულიშიჩმა წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.