„ჩელსი“ მზადაა საჩივარი გააგზავნოს უეფაში, თუ დადასტურდა, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ წარმომადგენლებმა ქელამ ჰადსონ-ოდოის ან მის წარმომადგენელს წესების დარღვევით დაუკავშირდნენ, იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN). მიუნხენელები ლონდონელებისგან უკვე მეოთხედ ელოდებიან პასუხს 18 წლის ფეხბურთელის თაობაზე და, როგორც ცნობილი ხდება, შეთავაზება 45 მილიონ დოლარს შეადგენს. ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰადსონ-ოდოის „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს.
„ჩელსის“ წარმომადგენლები ბაიერნის მიერ ამ საკითხის გასაჯაროებამ გააღიზიანა, უფრო კონკრეტულად კი მიუნხენელთა სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ „ბაიერნს“ ამავე თვეში სურს 18 წლის ფეხბურთელის შეძენა.
მსგავსი კომენტარები პრემიერ-ლიგაში მიღებულ კანონებს ეწინააღმდეგება, თუმცა „ჩელსის“ პრეტენზიები მხოლოდ ამით არ შეოიფარგლება. ლონდონურ კლუბში ეჭვობენ, რომ „ბაიერნი“ ფარულად ამყარებს კონტაქტებს ფეხბურთელის გარემოცვასთან, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ მსგავსი ბრალდების დამტკიცება საკმაოდ რთულია.
„ჩელსის“ ჰადსონ-ოდოის გაშვება არ სურს და მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის მიერ ლიგის თასის მატჩში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება ამის კიდევ ერთი დასტურია.
„ჩელსისთან“ კონტრაქტი ფეხბურთელს 2020 წლის ივნისში ეწურება და, გამომდინარე იქიდან, რომ მას შეთანხმების გაგრძელება არ სურს, ლონდონელებს კარგად ესმით, რომ მომავალ თვეებში მისი ფასი საგრძნობლად დაეცემა.