„ჩელსი“ კვლავ სკანდალის ცენტრში | ამჯერად კლუბი საკუთარი გულშემატკივრების ანტისემიტურ გამოხდომებს გმობს
„ჩელსი“ კვლავ სკანდალის ცენტრში | ამჯერად კლუბი საკუთარი გულშემატკივრების ანტისემიტურ გამოხდომებს გმობს

უნგრული „ვიდეოტონის“ წინააღმდეგ „ევროპა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ, ლონდონის „ჩელსის“ წარმომადგენლებმა განცხადება გააგვრცელეს და საკუთარი გულშემატკივრების ატისემიტური სლოგანები დაგმეს. როგორც ირკვევა, უნგრეთის ქალაქ სეკეშფეჰერვარში მიმდინარე მატჩის დროს, ჩელსის გულშემატკივრების მცირე ჯგუფისგან „ტოტენჰემის“ ფანების საწინააღმდეგო ანტისემიტური შეძახილები ისმოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ლონდონურმა კლუბმა სტადიონზე შესვლა აუკრძალა ოთხ გულშემატკივარს, რომლებმაც „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდ რაჰიმ სტერლინგს რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ანტისემიტიზმი, ისევე როგორც რაიმე სახის რასისტული ან რელიგიური სიძულვილი ჩვენი კლუბისთვის და მისი გულშემატკივრების უდიდესი რაოდენობისთვის სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა „ჩელსის“ პრეს-მდივანმა. – „მსგავს რამეს ჩვენს ოჯახში ადგილი არ უნდა ჰქონდეს“.

უეფაში აცხადებენ, რომ მსაჯების მოხსენებებს დაელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ ზომებს.

რაც შეეხება მატჩის სპორტულ მხარეს, „ჩელსიმ“ ბოლო ტურამდე გაინაღდა პლეი-ოფში თამაშის უფლება და უნგრეთში მატჩს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. თამაში ფრედ, 2-2 დასრულდა.