ჩელსი ჰადსონ-ოდოის გაშვებას არ აპირებს
ჩელსი ჰადსონ-ოდოის გაშვებას არ აპირებს

ჩელსის ხელმძღვანელობამ ქელამ ჰადსონ-ოდოის გუნდიდან გაშვებაზე უარი უთხრა.

18 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ლონდონურ კლუბთან დადებული კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ წელიწადნახევარი რჩება, ტრანსფერის თხოვნით ხელმძღვანელობას ოფიციალურად გასულ კვირას მიმართა, მაგრამ „არისტოკრატები“ მის გაყიდვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

ახალგაზრდა ტალანტის გადაბირება მიუნხენის ბაიერნს სურს და ამ ტრანსფერში გერმანელები მზად არიან, 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ.

ჰადსონ-ოდოი ამ სეზონში ჩელსის სასტარტოში მხოლოდ ხუთჯერ მოხვდა, თუმცა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ჯანფრანკო ძოლა მის გაშვებას გამორიცხავს.

„ჩვენ გვჯერა, რომ მას ბევრის გაკეთება შეუძლია ამ კლუბისთვის. თქვენ ვერ დამისახელებთ სხვა 18 წლის ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი სათამაშო დრო ეძლევა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მას ვენდობით“, – განაცხადა ძოლამ.

ჩელსის ეს პოზიცია ნიშნავს, რომ ზაფხულში, როდესაც ჰადსონ-ოდოის კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ ერთი წელი დარჩება, ფეხბურთელის ფასი საგრძნობლად დაიკლებს.