ჩელებაძეს საკუთარი სახელობის სტადიონის მდგომარეობა ადარდებს - ტოპ კლუბში არავინ გვყავს, ფეხბურთელებზე მოთხოვნა არ არის #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ „ოქროს თაობის“ ვეტერანმა თავდამსხმელმა, რევაზ ჩელებაძე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების სექტემბრის თამაშებსა და ზოგადად, ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა:
„სანამ ქვეყანა არ დადგება ფეხზე, ჩვენი ფეხბურთი სულ ამ დღეში იქნება. ამ სფეროში ჩადებული მიზერით პატარა ბიჭები რომ იზრდებიან, ყველას გაქცევა უნდა. ჩვენს შემდეგ დამთავრდა არველაძეებისა და ქინქლაძის თაობა და თითოოროლა ფეხბურთელია. ტოპ კლუბში ვინმე გვყავს? ან ძალიან დაბალი დონის გუნდებში თამაშობენ, ზოგან კი შემადგენლობაში ვერ ხვდებიან“, – განაცხადა რევაზ ჩელებაძემ.
მისი თქმით, სექტემბრის თამაშებში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელი გადაულახავ პრობლემებს წააწყდა:
„ვინც მაგარია, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და ლობჟანიძე, რომელმაც ბოლოს ძალიან მოუმატა, ტრავმირებულები არიან. ამ კუთხით სანიოლიც ცუდ მდგომარეობაშია, ვისაც უნდა ეთამაშა, არ ჰყავდა. თუმცა, ერთი „რუბინშია“, მეორე ბელგიის გუნდში, მესამე თურქეთის რომელიღაც გუნდში. ტოპ კლუბში ფეხბურთელი არ გვყავს“.
რევაზ ჩელებაძემ საქართველოს ნაკრების სექტემბრის თამაშებსა და ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ღიად ისაუბრა:
„საფეხბურთო ბაზარზე ჩვენს მოთამაშეებზე მოთხოვნა არ არის. ნორმალურ ხელფასებს ვერ უხდიან, ბაზები არ გვაქვს. ეს ფეხბურთის ფედერაციაც ცოდოა, სახელმწიფომ უნდა მისცეს თანხა, რომ ბაზები აშენდეს. თორემ უკან და უკან მივიწევთ. ქობულეთში ჩემი სახელობის სტადიონია, მაგრამ თუ არ გაკეთდა, არ მინდა, ჩემი სახელი რომ ჰქონდეს – იმიტომ, რომ მრცხვენია, ყანაა. მესამე წელია თამაში არ ტარდება და ასეთი „ჩელე-არენა“ რად მინდა?“.