ჩეხეთი რუსეთის სპეცსამსახურებს ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებზე კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს
ჩეხეთი რუსეთის სპეცსამსახურებს ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებზე კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს

ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურებს ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებზე კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნათქვამია ჩეხეთის უსაფრთხოების საინფორმაციო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა 2016 წლის დასაწყისში დაიწყო და 2017 წლის დასაწყისამდე გაგრძელდა. მის სამიზნეს ჩეხეთის საგარეო უწყების საინფორმაციო სისტემები წარმოადგენდნენ. ჩეხეთის ხელისუფლებაში აღიარებენ, რომ ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წერილების ნაწილის მოპოვება შეძლეს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კიბერშეტევის შედეგად, ჰაკერებს ხელში ჩაუვარდათ მონაცემები, რომლებიც შესაძლოა, მომავალში გამოყენებული იქნას სხვა კიბერთავდასხმებისთვის, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებში პოტენციური სამიზნეების სია.

მეორე კიბერშეტევა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. მის სამიზნეს ასევე საგარეო უწყება და მისი თანამშრომლების ელექტრონული ფოსტა წარმოადგენდა. ამავე თავდასხმის მეორე სამიზნე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო გახდა.

ჩეხეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კიბერშეტევების უკან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური და სახელმწიფო სადაზვერვო სამსახური დგას.

ჩეხეთის უსაფრთხოების საინფორმაციო სამსახურში მიიჩნევენ, რომ რუსეთი კიბერთავდასხმებს ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების უწყებებზე ახორციელებდა.