ჩეფერინმა უეფა-ს წესდებაში ცვლილებები მოამზადა, რათა 2027 წლის შემდეგ ორგანიზაციის პრეზიდენტად დარჩეს #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი აპირებს, ცვლილებები შეიტანოს ორგანიზაციის წესდებაში, რისი წყალობითაც მას მეოთხე ვადით შეეძლება პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა – 2031 წლამდე, – იტყობინება გაზეთი Daily Mail-ი.
დღევანდელი წესებით, უეფა-ში ზედიზედ სამჯერ არის შესაძლებელი ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადით არჩევა. ჩეფერინი უეფა-ს პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, მიშელ პლატინის გადაყენების შემდეგ. ამის შემდეგ 56 წლის სლოვენიელი იურისტი ორჯერ აირჩიეს ამ თანამდებობაზე – 2019 და 2023 წლებში. მისი უფლებამოსილების ვადა 2027 წელს იწურება.
წესდებაში ცვლილებები, რომელიც ჩეფერინს მეოთხე ვადით დარჩენის საშუალებას მისცემს, უეფა-ს აღმასკომის წევრებს 2 დეკემბერს ჰამბურგში, ევრო 2024-ის ფინალური ტურნირის წილისყრის კულუარებში წარუდგინეს. შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი ვადა, რომელიც 2017 წლის ივლისამდე დაიწყო, არ იქნება გათვალისწინებული. ეს შეეხება როგორც უეფა-ს პრეზიდენტის, ასევე აღმასკომის წევრების მუშაობას. დოკუმენტის რატიფიცირება შეიძლება მოხდეს 2024 წლის თებერვალში, როცა საკითხს უეფა-ს 55 წევრი ქვეყნის ხმის მიცემაზე გაიტანენ.
აღნიშნავენ, რომ უეფა-ს აღმასკომის ზოგიერთმა წევრმა ნეგატიურად მიიღო წესდებაში დაგეგმილი ცვლილებები. კერძოდ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი დირექტორი დევიდ გილი ცვლილებების წინააღმდეგ წავიდა და განაცხადა, რომ ეს პროცესი არადემოკრატიულია და არ შეესაბამება ფეხბურთის ინტერესებს.