ჩეფერინი სუპერლიგასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე - ჩვენ მათ ხელს არ შევუშლით, ვიმედოვნებ, შექმნიან შესანიშნავ ტურნირს ორი კლუბით #1TVSPORT
ევროპულმა სასამართლომ განიხილა ევროპის სუპერლიგის საჩივარი, რომელიც ფიფა-სა და უეფა-ს კანონის საწინააღმდეგო მოქმედებაში ადანაშაულებდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, უეფა და ფიფა მოქმედებდნენ კონკურენციის კანონის დარღვევით 2021 წელს, როდესაც მათ ევროპის სუპერლიგის შექმნა შეაჩერეს.
ბოლო მომენტამდე პროექტში ორი კლუბი რჩებოდა – მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“.
სასამართლოს გადაწყვეტილებას და ევროპის სუპერლიგის პროექტის პოტენციურ აღდგენას გამოეხმაურა უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი:
„ჩვენ მათ ხელს არ შევუშლით. მათ შეუძლიათ ის შექმნან, რაც უნდათ. ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე შექმნიან თავიანთ შესანიშნავ ტურნირს ორი კლუბით. იმედი მაქვს, იციან, რასაც აკეთებენ, თუმცა ამის არ მჯერა“, – განაცხადა ჩეფერინმა.
არსებული ინფორმაციით, ევროპის სუპერლიგა 64-გუნდიანი იქნება. გუნდები სამ დივიზიონში გადანაწილდებიან, იქნება ზევით ასვლისა და ქვედა დივიზიონში დაქვეითების სისტემა.
ევროპის სუპერლიგას უკვე განუდგა რამდენიმე კლუბი. განცხადება გაავრცელა ინგლისის პრემიერლიგამაც, რომელიც ეწინააღმდეგება პროექტის განხორციელებას.
სუპერლიგის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა კლუბების ბედი მათსავე ხელშია და ისინი უეფა-ს მონოპოლიისგან გათავისუფლდნენ.