„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ გუნდში ლიონელ მესის დაბრუნება ითხოვა. კერძოდ, ესპანელმა სპეციალისტმა ასეთი თხოვნით მიმართა კლუბის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას, – იტყობინება გამოცემა Diario Sport.
ჩავის აქვს სურვილი დაიბრუნოს არგენტინელი, როცა „პარი სენ-ჟერმენთან“ მისი კონტრაქტის ვადა ამოიწურება.
შეგახსენებთ, რომ მესის ხელშეკრულება „პარი სენ-ჟერმენთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ასევე კონტრაქტში არის თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი.
ჩავის აზრით, მესის დაბრუნება მომავალში განაპირობებს „ბარსელონას“ წარმატებებს როგორც ფინანსური, ასევე სპორტული თვალსაზრისით.
სხვათა შორის, მესისთან დაკავშირებით თავისი აზრი ჟოან ლაპორტამაც გამოთქვა.
„მესი „ბარსელონასთვის“ ყველაფერი იყო. შესაძლოა, საუკეთესო და ყველაზე ეფექტურიც კი კლუბის ისტორიაში. „ბარსელონას“ ისტორიაში მასშტაბის მიხედვით ის მხოლოდ იოჰან კრუიფს შეიძლება შევადაროთ.
მაგრამ მისი წასვლა ოდესღაც უნდა მომხდარიყო. მოგვიწია ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იმ მემკვიდრეობის გამო, რომელიც გვერგო.
კლუბი ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე მაღლა დგას, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ მესის თავი „ბარსელონაში“ ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს ისტორია გაგრძელდეს. უნდა დაველოდოთ მომენტს, როცა ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი იქნება ისე, როგორც ეს თავის დროზე უნდა მომხდარიყო.
ამ ისტორიას უფრო გრანდიოზული დასასრული უნდა ჰქონოდა“, – განაცხადა ლაპორტამ.