ყატარის „ალ სადის“ მთავარი მწვრთნელი ჩავი, რომელსაც იანვარში „ბარსელონაში“ სამუშაოდ ეძახდნენ, მზად არის ზაფხულში ჩაიბაროს კატალონური გრანდი, ოღონდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამის შესახებ იტყობინება რადიო „კადენა სერ“ (Cadena Ser).
ასე მაგალითად, ჩავის უნდა მიიღოს მაქსიმალური კონტროლი ტრანსფერებზე, ჩართოს კლუბის სტრუქტურაში კარლეს პუიოლი, ხოლო სამწვრთნელო შტაბში შეიყვანოს საკუთარი ძმა. ასევე ჩავი ითხოვს მეთოდოლოგიის დარგში „ბარსელონას“ ყოფილი დირექტორის ჟოან ვილასა და იოჰან კრუიფის ვაჟის – ხორდის დაბრუნებას. გარდა ამისა, ჩავის სურს მთლიანად შეიცვალოს „ბარსელონას“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობა.
ყველა თხოვნა უკვე გადაცემულია „ბარსელონას“ პრეზიდენტისთვის ხოსეპ ბარტომეუსთვის, რომელიც ძალიან გაკვირვებული დარჩა და შეაჩერა მოლაპარაკებები. არადა, ბარტომეუს უნდოდა ზამთარში ჩავის ხილვა გუნდის მთავარ მწვრთნელად.