ჩატარდება თუ არა 26 მარტს საქართველო-ბელარუსის მატჩი - უეფა-ს გადაწყვეტილების მოლოდინში
დღეს, 17 მარტს უეფას (UEFA) ვიდეოკონფერენცია გაიმართება, რომელშიც უეფას წევრი 55 ქვეყნის წარმომადგენელია მიწვეული. მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც არის.
ცნობილია, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 14 მარტიდან 14 აპრილამდე დაგეგმილი 17 და 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ელიტრაუნდის მატჩები, ასევე ასაკობრივი გუნდების ტურნირები გაურკვეველი ვადით გადადო.
მიზეზი ცნობილია – გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის საფრთხით გამოწვეული სამგზავრო შეზღუდვების შედეგად მიიღეს. უეფაში დღეს გადაწყდება ევრო 2020-ის პლეიოფის შეხვედრების, მათ შორის, 26 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გასამართი საქართველო – ბელარუსის მატჩისა და პლეიოფის ყველა მატჩთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
ასევე უეფას ვიდეოკონფერენციაზე გახდება ცნობილი, შედგება თუ არა 26 მარტს, თბილისში დაგეგმილი საქართველოსა და სლოვაკეთის 21-წლამდელთა ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი.
დღეს უეფას ვიდეკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პოზიცია წინასწარაა ცნობილი – მოთამაშეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, სფფ საქართველო-ბელარუსის მატჩის უსაფრთხო პერიოდისთვის გადადებას ითხოვს.