ჩარლს როსამ კევინ აგილარი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, ჯორდან ესპინოზამ მარკ დე ლა როსას სძლია
ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში დღეს შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა საინტერესო ბრძოლები და ნოკაუტები იხილეს. ქართველი ფანებისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებული იყო, რადგან მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ოქტაგონზე ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო და კარიერის რეკორდი (11-4) გააუმჯობესა.
დაახლოებით ერთი თვის წინ ჩარლს როსამ ბრაის მიჩელთან მარცხი განიცადა. დღეს კი ის კვლავ ავიდა ოქტაგონზე. როსას მეტოქე ამჯერად კევინ აგუილარი იყო. გამარჯვებულის გამოსავლენად სამივევე რაუნდის ჩატარება გახდა საჭირო. ორმა მსაჯმა მოგება როსას სასარგებლოდ დააფიქსირა (29-28, 29-28 და 28-29).
„ძალიან მინდოდა ბრძოლის ნაადრევად დასრულება. სამივე რაუნდის მანძილზე სწორედ ამას ვცდილობდი. მიხარია, რომ საბოლოოდ გამარჯვება მე დამრჩა,“ – განაცხადა როსამ ბრძოლის დასრულების შემდეგ.
კიდევ ერთი ბრძოლა ჯორდან ესპინოზასა და მარკ დე ლა როსას შორის ჩატარდა. ზედიზედ ორი განცდილი მარცხის შემდეგ ესპინოზამ მობილიზება შეძლო და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ჯორდანი უპირატესობას სამივე რაუნდის განმავლობაში ყველა კომპონენტში ფლობდა. საბოლოოდ მსაჯებმა ესპინოზას დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირეს (30-27, 30-27 და 30-26)
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემი ბოლო ორი ბრძოლა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ჩემი შეცდომების გამო დავმარცხდი და ეს ჩემთვის დამაფიქრებელი იყო. მას შემდეგ დაუღალავად ვშრომობ შეცდომების გამოსწორებაზე და მიხარია, რომ დღეს მოვიგე. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას მებრძოლთა კუნძულზე გამართულ ნებისმიერ ღონისძიებაზე. 25 ივლისის ქარდი იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ტაისონ ნამმა შთამბეჭდავი ნოკაუტით გაიმარჯვა. მათან სიამოვნებით გავმართავდი ბრძოლას,“ – განაცხადა ესპინოზამ.