ჩაკვეტაძის უთამაშებლობის ორი ვერსია - „გენტის“ მწვრთნელისთვის ტრავმის ხარისხი უცნობია #1TVSPORT
ჩაკვეტაძის უთამაშებლობის ორი ვერსია - „გენტის“ მწვრთნელისთვის ტრავმის ხარისხი უცნობია #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია კონფერენს-ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, რომელშიც „გენტმა“ B ჯგუფში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მიზეზი ტრავმაა, რომელიც ბელგიური გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ბელგიის ჩემპიონატში მიიღო. გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ტურში „სერკლ ბრიუგესთან“ შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჯერ მისთვის ასეთი დატვირთვა ნაადრევი იყო.

ამის შესახებ ბელგიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზებრუკმა ისაუბრა, რომელმაც ტრავმის მიზეზი დაასახელა. მისი თქმით, „ანორთოსისთან“ ფეხბურთელების ნაწილი ტრავმის რისკის გამო დაასვენა.

„ვცდილობთ არ დავტვირთოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც დიდი ხანი ისვენებდნენ. მაგრამ ვცდილობთ, მათ მეტი და მეტი სათამაშო დრო მივცეთ. ორშაბათს კიდევ ერთი ვარჯიში გვქონდა, სადაც გამოჩნდა, რომ ზოგიერთისთვის ჯერ საკმარისი 20 ან 30 წუთი თამაშია. რისკი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია მისაღები, მაგრამ „ანორთოსისთან“ ამას მოვერიდე“, – განაცხადა „გენტის“ მწვრთნელმა.

ამ კონტექსტში მან გიორგი ჩაკვეტაძეზე ილაპარაკა.

„გიორგის პრობლემები ბარძაყის კუნთზე აქვს. თავიდან ეს არც ისე სერიოზულ ტრავმად ჩანდა და ვარჯიში შეეძლო, მაგრამ მატჩის წინა დღეს მას ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა და შინ დარჩა. უახლოეს დღეებში ჩვენ მოგვიწევს თვალი ვადევნოთ ან ვნახოთ, კვირამდე რა მდგომარეობა იქნება“.

იმედია, დაზიანება სერიოზული არ იქნება და გიორგი ჩაკვეტაძე ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს ნაკრებში ჩამოსვლას მოახერხებს. თუმცა, ბოლო ცნობებით, ქართველი ფეხბურთელი ექიმებმა 2-3 დღით დაასვენეს და კვირას, 3 ოქტომბერს, „ანტვერპენის“ წინააღმდეგ ჟუპილერ ლიგის შეხვედრისთვის მზად იქნება, შესაბამისად – ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვისაც.