ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ მოიგო - კვარაცხელიას საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს #1TVSPORT
„უოტფორდმა“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, ინგლისის ჩემპიონშიფის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ბლექბერნს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და „უოტფორდში“ 50-ე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, გიორგი ჩვეულად აქტიურობდა, ყვითელი ბარათი (49) მიიღო, საბოლოოდ კი მისი თამაში 7.0 ქულით შეაფასეს. „უოტფორდმა“ 19 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე დაწინაურდა.
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში „ნაპოლიმ“ „ლეჩე“ 1:0 დაამარცხა. ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა შორის დატოვა. როგორც გამოცემა „ილ მატინო“ ამტკიცებს, მიზეზი გადატვირთული კალენდარია, სამ დღეში ნეაპოლელები გაცილებით ძლიერ მეტოქეს, „მილანს“ დაუპირისპირდებიან და მწვრთნელს სურს, რომ ქართველი თავდამსხმელი ამ პრინციპულ დაპირისპირებას ენერგიით სავსე შეხვდეს.
ხვიჩას თამაშამდე სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე მხოლოდ 72-ე წუთზე გამოჩნდა, ზუსტად ერთ წუთში კი გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ (რომელსაც პირველ ტაიმში გოლი არ ჩაუთვალეს) „ლეჩეს“ მაინც გაუტანა და „ნაპოლის“ მოაგებინა.
ამ მოგების შემდეგ „ნაპოლის“ 22 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და სანამ „ინტერი“ ტურის მატჩს ჩაატარებს, მილანურ კლუბს ხუთი ქულით ასწრებს.