ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ლესტერთან“ დამარცხდა - 36 წლის ვარდიმ დუბლი შეასრულა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი შეხვედრა ჩაატარა ინგლისის ჩემპიონშიფში – ქართველის გუნდი „უოტფორდი“ გათამაშების ლიდერს, „ლესტერს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოებში იყო და თამაშში 56-ე წუთიდან მარცხენა ნახევარმცველის, იმრან ლოუზას ნაცვლად ჩაერთო. 72-ე წუთზე ქართველმა შემტევმა ყვითელი ბარათი მიიღო.
ანგარიში ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯეიმი ვარდიმ 76-ე წუთზე გახსნა. 90+5-ე წუთზე სტუმრების მეკარე დანიელ ბაჰმანი მოედნიდან გააძევეს და მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ისევ ვარდიმ დაარტყა, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
ინგლისის ჩემპიონშიფში ჩატარებული 17 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 21 ქულით მე-15 პოზიციაზეა. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძეს ინგლისურ კლუბში ჯერ გოლი არ გაუტანია.