ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - „უოტფორდში“ ახალი მწვრთნელი დანიშნეს #1TVSPORT
„ქოვენთრისთან“ წაგების (1:2) შემდეგ „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი, ვალერიენ ისმაელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა:
„ჩემპიონშიფის ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი მოგების შემდეგ „უოტფორდი“ მე-13 ადგილზეა. ასეთი შედეგებიდან გამომდინარე ცვლილებები აუცილებელი იყო, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად კი ტომ კლევერლი დაინიშნა, რომელიც 18-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა“.
აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა „ქოვენთრისთან“ მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაც ახსენა.
„ჩაკვეტაძეს მცველმა კოჭში მიარტყა, მსაჯს ამ ეპიზოდზე რეაგირება არ ჰქონია, მაგრამ მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მომენტი ვერ დაინახა. გიორგის კოჭი სტკივა, მაგრამ სიარული შეუძლია. ტრავმის სიმძიმის შესახებ უფრო ზუსტად გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ვალერიენ ისამელმა.
დამაიმედებელია ბოლო ინფორმაცია, რომელიც Geo Team-მა გაავრცელა – ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და გიორგი საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში დაეხმარება.